იმანენტურობა: სიცოცხლე...

იმანენტურობა: სიცოცხლე...

რა არის ტრანსცენდენტალური ველი? გამოცდილებისგან მას ის განასხვავებს, რომ იგი არც ობიექტს მიემართება და არც სუბიექტს ეკუთვნის (ემპირიულ რეპრეზენტაციას). ამიტომაც წარმოჩინდება იგი, როგორც ასუბიექტური ცნობიერების წმინდა ნაკადი, წინარერეფლექსიური იმპერსონალური ცნობიერება, როგორც თვითობის [moi] გარეშე ცნობიერების თვისობრივი ხანგრძლივობა. შესაძლოა უცნაურადაც ჩანდეს, რომ ტრანსცენდენტალური ასეთი უშუალო მონაცემებითაა [données immédiates] განმარტებული. ჩვენ ტრანსცენდენტალურ ემპირიზმზე ყოველივე იმის საპირისპიროდ ვილაპარაკებთ, რაც სუბიექტისა და ობიექტის სამყაროს ქმნის. რაღაც მოუთვინიერებელი [sauvage] და შემძლეა [puissant] ასეთ ემპირიზმში. უეჭველია, რომ იგი არაა შეგრძნების ელემენტი (უბრალო ემპირიზმი), ვინაიდან შეგრძნება ოდენ განასერია [une coupe] აბსოლუტური ცნობიერების ნაკადში. იგი უფრო მეტად ორი ერთმანეთთან შეძლებისდაგვარ სიახლოვეში მოცემული შეგრძნების ერთიმეორისკენ გზაა, როგორც გახდომა [devenir], როგორც შეძლების [puissance] ზრდა ან შემცირება (ვირტუალური რაოდენობრიობა). აქედან მოყოლებული ტრანსცენდენტალური ველი უნდა განიმარტოს თუ არა, როგორც ობიექტისა და თვითობის გარეშე წმინდა უშუალო ცნობიერება, როგორც მოძრაობა, რომელიც არც იწყება და არც სრულდება? (ამ გზის ან შეძლების რაოდენობრიობის სპინოზიანური კონცეფცია კვლავაც ეხმიანება ცნობიერებას).

მაგრამ ტრანსცენდენტალური ველის ცნობიერებასთან ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ უფლებრივია [de droit]. ცნობიერება ფაქტად მხოლოდ მაშინ იქცევა, როდესაც სუბიექტი იმავდროულად წარმოებულია, როგორც მისივე ობიექტი, ერთიანად ველს გარეთ მყოფი და “ტრანსცენდენტებად” ჩენილი. ამის საპირისპიროდ, მანამ, სანამ ცნობიერება ყველგან მიმობნეული უსასრულო სიჩქარით კვეთს ტრანსცენდენტალურ ველს, არაფერს შეუძლია მისი გამომჟღავნება.[i] სინამდვილეში იგი მხოლოდ მაშინ გამოიხატება, როდესაც რეფლექსირებულია სუბიექტზე, რომელიც მას ობიექტებისკენ მიმართავს. ამიტომაცაა, რომ ტრანსცენდენტალური ველი არ შეიძლება განიმარტოს მასთან ყოველმხრივ თანაარსებადი ცნობიერებით, რადგან იგი ყოველგვარი გამოვლენილობისგან ამოშლილობაა.

ტრანსცენდენტური არ არის ტრანსცენდენტალური. ცნობიერება რომ არა, ტრანსცენდენტალური ველი წმინდა იმანენტურობის სიბრტყედ განიმარტებოდა, იმდენად, რამდენადაც იგი როგორც სუბიექტის, ასევე ობიექტის ყველა ტრანსცენდენციას უსხლტება.[ii] აბსოლუტური იმანენტურობა თავისთავადაა [en elle-même]. იგი არ არის რაღაცაში, რაღაცასთან, იგი არ არის დამოკიდებული ობიექტზე და არ ეკუთვნის სუბიექტს. სპინოზასთან იმანენტურობა არ არის იმანენტურობა სუბსტანციასთან, არამედ სუბსტანცია და მოდუსებია იმანენტურობაში. როდესაც იმანენტურობის სიბრტყიდან გარეთ დაცემული სუბიექტი ან ობიექტი მიჩნეულია უნივერსალურ სუბიექტად ან რაც გინდა ობიექტად [objet quelconque], რომელსაც იმანენტურობა თავისთავად ატრიბუტად მიეწერება, ტრანსცენდენტალური მთლიანად გახელოვნებურია, რომელიც მეტს აღარაფერს აკეთებს თუ არა აორკეცებს ემპირიულს (როგორც ეს ხდება კანტთან), და იმანენტურობაც დეფორმირებულია, რადგან ეს უკანასკნელი ტრანსცენდენტურის შემცველობად პოულობს თავს. იმანენტურობა არ ურთიერთობს რაღაც საგანთან, რომელიც ყველა სხვა საგანზე აღმატებული მთლიანობაა და არც სუბიექტთან, როგორც აქტთან, რომელიც საგანთა სინთეზირებით ოპერირებს. ჩვენ მაშინ და მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმანენტურობის სიბრტყეზე, როდესაც იმანენტურობა მხოლოდ საკუთარ თავთან და არაფერ სხვასთან იმანენტურობაა. რამდენადაც ტრანსცენდენტალური ველი არ განიმარტება ცნობიერებით, ამდენადვე იმანენტურობის სიბრტყე არ განიმარტება სუბიექტით ან ობიექტით, რომელსაც მისი მოცვა შეუძლია.

ჩვენ ვიტყვით, რომ წმინდა იმანენტურობა სიცოცხლეა [Une Vie] და სხვა არაფერი. იგი არ არის იმანენტურობა სიცოცხლესთან, არამედ იმანენტურობა, რომელიც სხვა არაფერია თუ არა თავისთავად სიცოცხლე. სიცოცხლე იმანენტურობის იმანენტურობაა, აბსოლუტური იმანენტურობაა. იგი შეძლებაა [puissance], სრული ნეტარებაა [béatitude complètes]. სცდება რა სუბიექტისა და ობიექტის აპორიებს, ფიხტე თავის უკანასკნელ ფილოსოფიაში, ტრანსცენდენტალურ ველს სიცოცხლედ წარმოადგენს, რომელიც აღარაა დამოკიდებული ყოფიერებაზე [ne dépend pas d'un Etre] და არაა დაქვემდებარებული აქტზე. იგი აბსოლუტური უშუალო ცნობიერებაა, რომლის მოქმედებაც ყოფიერებას კი აღარ მიემართება, არამედ უწყვეტად სიცოცხლეშივეა დავანებული.[iii] აქ ტრანსცენდენტალური ველი იმანენტურობის ჭეშმარიტ სიბრტყედ იქცევა, რომელიც სპინოზიანიზმს ხელახლა წარადგენს ფილოსოფიური ოპერაციის სიღრმეთა სიღრმეში. განა მენ დე ბირანთან რაღაცა მსგავსი არ მოხდა, როდესაც მან თავის უკანასკნელ ფილოსოფიაში, (რომლის დასრულებისთვისაც ის ზედმეტად დაღლილი იყო) ძალისხმევის ტრანსცენდენციის ქვეშ [sous la transcendance de l'effort] აბსოლუტურად იმანენტური სიცოცხლე აღმოაჩინა? ტრანსცენდენტალური ველი იმანენტურობის სიბრტყით განიმარტება, ხოლო იმანენტურობის სიბრტყე - სიცოცხლით.

რა არის იმანენტურობა? სიცოცხლე… თუკი ტრანსცენდენტალურის ინდექსად განუსაზღვრელ არტიკლს [l'article indéfini] ავიღებთ, მაშინ დიკენსზე უკეთ არავის უთქვამს, თუ რა არის სიცოცხლე. ნაძირალას, სახელგატეხილ, ყველასგან შეჯავრებულ კაცს მომაკვდავს ნახულობენ და აი, უეცრად ისინი, რომლებიც მასზე ზრუნავენ, სულთმობრძავისგან წამოსული სიცოცხლის უმცირესი ნიშნისადმიც კი ერთგვარ მგზნებარებას, პატივისცემას, სიყვარულს გამოხატავენ. ყველა რაღაცას აკეთებს მის გადასარჩენად იმ მომენტამდე, როდესაც თავის უღრმეს კომაში, ბოროტმოქმედი თვითონვე გრძნობს რაღაც ნაზს, სათუთს, რაც მასთან სიახლოვეში ხდება. მაგრამ როგორც კი იგი უბრუნდება სიცოცხლეს, მისი გადამრჩენლები ცივდებიან მისდამი და ისიც კვლავ უხეში და ბოროტი ხდება. მის სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ერთი მომენტია, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა სიცოცხლის სიკვდილთან თამაშის მომენტი.[iv] ინდივიდის სიცოცხლე გზას უთმობს იმპერსონალურ და მაინც განმხოლოებულ სიცოცხლეს, რომელიც სიცოცხლის შინაგანი და გარეგანი შემთვევითობებისგან თავისუფალ წმინდა ხდომილებას ამჟღავნებს, სხვანაირად რომ ვთქვათ იმას, რაც მომხდარის სუბიექტურობისა და ობიექტურობისგანაა დაცლილი. “Homo Tantum”, რომელსაც ყველა თანაუგრძნობს და რომელიც რაღაც ნეტარების მსგავსსაც კი განიცდის. ეს ესაობაა [heccéité], რომელიც განმხოლოებაა [singularisation] და არა ინდივიდუაცია. წმინდა იმანენტურობის სიცოცხლე, ნეიტრალური, სიკეთისა და ბოროტების მიღმა, ვინაიდან მხოლოდ სუბიექტმა, რომელმაც იგი საგანთა შუაგულში განასხეულა, აქცია იგი სიკარგედ ან სიცუდედ. ასეთი ინდივიდუალობის სიცოცხლე იმ ადამიანის იმანენტურად განმხოლოებული სიცოცხლის სასარგებლოდ ქრება, რომელსაც აღარ აქვს სახელი, თუმცა იგი არც რომელიმე სხვაში აგერევა. განმხოლოებული არსი, სიცოცხლე….

მავანმა სიცოცხლე არ უნდა შემოფარგლოს იმ უბრალო მომენტით, როდესაც ინდივიდუალური სიცოცხლე უნივერსალურ სიკვდილს აწყდება. სიცოცხლე ყველგანაა [Une vie est partout], ყველა იმ მომენტშია, რომელსაც ასეთი თუ ისეთი მცხოვრები სუბიექტი გაივლის და რომელიც ნაცხოვრები ობიექტებით გაიზომება - იმანენტური სიცოცხლე, რომელიც თან დაატარებს ხდომილებებს თუ განმხოლოებულობებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტებსა და ობიექტებში აქტუალიზდებიან. ამ განუმარტავ სიცოცხლეს თვითონ არა აქვს მომენტები, რაოდენ ახლოსაც არ უნდა იყვნენ ისინი ერთიმეორესთან, მაინც ოდენ დროთა-შორის [entre-temps], მომენტებს-შორის [entre-moments] რჩებიან. იგი არც უეცრად ჩნდება და არც მომდევნოობს, არამედ ცარიელი დროის განუზომლობას წარმოადგენს, სადაც მავანი ჯერ კიდევ მოსავალ [encore à venir] და უკვე გარდასულ [déjà arrivé] ხდომილებას უშუალო ცნობიერების აბსოლუტში ხედავს. ლერნეტ-ჰოლენიას მხატვრულ ნამუშევრებში ხდომილება შორის-დროშია მოთავსებული, რომელსაც მთელი არმიების შთანთქმა შეუძლია. განმხოლოებულობები ან სიცოცხლის [une vie] მაკონსტიტუირებელი ხდომილებები, მათი თანმდევი ცხოვრების [la vie] შემთხვევითობებთან იმგვარად თანაარსებობენ, რომ ისინი არ ჯგუფდებიან და არ ნაწილდებიან იმავე სახით. ისინი ერთმანეთთან ინდივიდებისგან სრულიად განსხვავებული წესით კავშირდებიან [communiquent]. ისეც კი ჩანს, რომ განმხოლოებულ სიცოცხლეს ყოველგვარი ინდივიდუალობის ან ნებისმიერი სხვა მაინდივიდუალიზებელი თანმხლების გარეშე შეუძლია ყოფნა. ასე მაგალითად, ჩვილი ბავშვები ყველა ერთმანეთს ჰგავს და მათ ძნელად თუ უპოვის ვინმე ინდივიდუალობას, მაგრამ მათ ხომ გააჩნიათ განმხოლოებულობები: ღიმილი, ჟესტი, გრიმასა, ხდომილებები, რომლებიც არ არიან სუბიექტური მახასიათებლები. ჩვილი ბავშვები იმანენტური სიცოცხლით არიან მოცულები, რომელიც წმინდა შეძლებაა [pure puissance] და ნეტარებაც კი, რომელიც თან ახლავს მათ ტკივილებსა და სისუსტეებს. სიცოცხლის განუმარტაობები [Les indéfinis d'une vie] მთელ თავიანთ განუსაზღვრელობას კარგავენ, იმდენად, რამდენადაც ისინი იმანენტურობის სიბრტყეს ავსებენ ან, და რაც მკაცრად რომ ვთქვათ იგივეა, ტრანსცენდენტალური ველის ელემენტებს აკონსტიტუირებენ (ინდივიდუალური ცხოვრება კი ამის საპირისპიროდ ყოველთვის განუცალკევებელი რჩება ემპირიული განსაზღვრულობებისგან). განუმარტავი [L’indéfini], როგორც ასეთი, ემპირიულ განუსაზღვრელობას კი არ მარკირებს, არამედ იმანენტურობის განსაზღვრულობას ან ტრანსცენდენტალურ განსაზღვრებადობას. განუსაზღვრელი არტიკლი განმხოლოებულის განსაზღვრულობად ყოფნის გარეშე ვერასდროს იქცევა პიროვნების განუსაზღვრელობად. ერთი არ არის ტრანსცენდენტურობა, რომელსაც შეუძლია, რომ იმანენტურობაც მოიცვას, არამედ იმანენტურობაა, რომელიც ტრანსცენდენტალურ ველშია მოცული. ერთი ყოველთვის მრავლობითობის [multiplicité] ინდექსია: ხდომილების, განმხოლოებულობის, სიცოცხლის... ყოველთვის შეიძლება ტრანსცენდენტურის მოხმობა, რომელიც იმანენტურობის სიბრტყიდან გარეთ ეცემა ან რომელიც იმანენტურობას საკუთარ ატრიბუტად მიიწერს, და მაინც, ყოველი ტრანსცენდენცია მხოლოდ ამ სიბრტყის საკუთრივ იმანენტური ცნობიერების ნაკადში კონსტიტუირდება.[v] ტრანსცენდენცია ყოველთვის იმანენციის შედეგია.

სიცოცხლე მხოლოდ ვირტუალობებს შეიცავს. ის ნაშენია ვირტუალობებების, ხდომილებების, განმხოლოებულობებისგან. ის, რასაც ჩვენ ვირტუალურს ვეძახით, არ არის რაღაცა, რასაც რეალობა აკლია, არამედ ის, რაც ჩართულია სიბრტყის მომყოლი აქტუალიზაციის პროცესში, რომელიც მას საკუთრივ რეალობას [réalité propre] ანიჭებს. იმანენტური ხდომილება საგანთა მდგომარეობაში და იმ ნაცხოვრებ მდგომარეობაში [état vécu] აქტუალიზდება, რომლის გავლითაც იგი სხეულდება. თვითონ იმანენტურობის სიბრტყე იმ ობიექტსა და სუბიექტში აქტუალიზდება, რომელთაც იგი ატრიბუტად მიეწერება. თუმცა რაოდენ მცირედად განცალკევებადიც არ უნდა იყვნენ ისინი მათივე აქტუალიზაციისგან, თვითონ იმანენტურობის სიბრტყე ვირტუალურია, იმდენად, რამდენადაც ხდომილებები, რომლებიც მას ასახლებენ ვირტუალობებია. ხდომილებები თუ განმხოლოებულობები სიბრტყეს მთელ თავის ვირტუალობას ანიჭებენ, ისევე როგორც იმანენტურობის სიბრტყე ანიჭებს სავსე რეალობას ვირტუალურ ხდომილებებს. არააქტუალიზებულად (განუმარტავად) ჩათვლილ ხდომილებას არაფერი აკლია. იგი თანმხლებთან ურთიერთობასაც კმარობს. ტრანსცენდენტალური ველი, იმანენტურობის სიბრტყე, სიცოცხლე, განმხოლოებულობები. ჭრილობა საგანთა მდგომარეობაში და ნაცხოვრებში ხორციელდება ან აქტუალიზდება; მაგრამ თავისთავად იგი წმინდა ვირტუალობაა იმანენტურობის სიბრტყეზე, რომელიც სიცოცხლეში ჩვენ წინ მიგვიძღვის. ჩემი ჭრილობა ჩემამდე არსებობდა...[vi] ჭრილობის ტრანსცენდენტურობა კი არა, როგორც უმაღლესი აქტუალობა, არამედ მისი იმანენტურობა, როგორც ვირტუალობა მუდამ გარემოს შიგნით (სიბრტყე ან ველი). დიდი განსხვავებაა იმ ვირტუალობებს შორის, რომლებიც ტრანსცენდენტალური ველის იმანენტურობას განმარტავენ და იმ შესაძლებელ ფორმებს შორის, რომლებიც მათ ააქტუალიზებენ და რაღაცმაგვარ ტრანსცენდენტად გარდაქმნიან.

 


[i] ბერგსონი, მატერია და მეხსიერება: „თითქოს ზედაპირებზე იმ სინათლეს ვირეკლავდეთ, რომელიც მათგან ემანირებს, სინათლე, რომელიც არასდროს გამომჟღავნდებოდა, მუდამ განვრცობილობაში, რომ ჩენილიყო“, Oeuvres, PUF, გვ.186.

[ii] შდრ. სარტრი, ეგოს ტრანსცენდენცია. სარტრი ტრანსცენდენტალურ ველს სუბიექტის გარეშე სახავს, რომელიც იმპერსონალურ, აბსოლუტურ, იმანენტურ ცნობიერებას მიემართება: მასთან ურთიერთობაში სუბიექტი და ობიექტი „ტრანსცენდენტებია“ (ეგოს ტრანსცენდენცია, Vrin, გვ. 74-87)  -  ჯეიმსის შესახებ იხილეთ დავიდ ლაპუჟადის ანალიზი, ცნობიერების ინტენსიური ნაკადი უილიამ ჯეიმსთან (Le Flux intensif de la conscience chez William James), Philosophie, #46, ივნისი, 1995.    

[iii] უკვე მეცნიერების დოქტრინის [Doctrine de la science] მეორე შესავალში ვკითხულობთ: „წმინდა აქტივობის ინტუიცია, რომელიც არა ფიქსირებულობა, არამედ პროგრესია, არა ყოფიერება, არამედ სიცოცხლე“. (გვ. 274, Oeuvres choisies de philosophie première, Vrin). ფიხტეს მიხედვით სიცოცხლეზე იხილეთ ნეტარი სიცოცხლის ინიციაცია (Initiation à la vie bienheureuse, Aubier, 1944) და გერუს კომენტარები (გვ. 9)   

[iv] დიკენსი, ჩვენი საერთო მეგობარი, თავი 3.

[v] თვითონ ჰუსერლიც კი აღიარებს, რომ: „სამყაროს ყოფიერება [L'être du monde] აუცილებლობით ტრანსცენდენტურია ცნობიერებისადმი, ეს საწყისისეულ აშკარაობაშიც ასეა და იგი აუცილებლობით ასეთად რჩება. მაგრამ ეს სრულებითაც არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ყველა ტრანსცენდენცია მხოლოდ და მხოლოდ ცნობიერების სიცოცხლეში კონსტიტუირდება, როგორც ამ სიცოცხლესთან განუცალკევებელი დაკავშირებულობა...“ (კარტეზიანული მედიტაციები, Ed. Vrin, გვ. 52) სარტრის ტექსტის ამოსავალი წერტილიც ეს იქნება.       

[vi] შდრ. ჟოე ბუსკე, Les Capitales, Le Cercle du livre. 

 

 

 

მთარგმნელი: ლაშა ხარაზი

 


თარგმანი შესრულებულია შემდეგი გამოცემის მიხედვით, Gilles Deleuze, Deux régimes de fous: Textes et entretiens, 1975-1995, édition préparée par David Lapoujade (Paris: Les Éditions de Minuit, 2003), 359-363.

გაზიარება: